ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი. შეზღუდვების ახალი ტალღა ემსახურება უკრაინაში ომის წარმოებისთვის, რუსეთისთვის საჭირო ფინანსურის რესურსების შემცირებას.
„პოლიტიკო“ წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს რუსეთის გათხევადებულ გაზზე შეზღუდვებს. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის პორტებს ეკრძალებათ რუსული LNG-ის რეექსპორტი. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირში რუსულ თხევად გაზზე პირდაპირი ექსპორტის აკრძალვა არ წესდება.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა მოსკოვის გაზზე დამოკიდებულება დაახლოებით 2/3-ით შეამცირა. მიუხედავად ამისა, გათხევადებული გაზის იმპორტი და გადაყიდვა კვლავ გრძელდებოდა. გასულ წელს, მაგალითად, ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული თხევადი აირი ესპანეთმა, საფრანგეთმა და ბელგიამ იყიდეს.
ამასთანავე, გასულ წელს რუსული LNG ევროკავშირის მოხმარების 5%-ს შეადგენდა. მიუხედავად მცირე წილისა, საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ ევროკავშირიდან თხევადი გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 8 მლრდ ევროს შეადგენდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა წილი აქვს რუსეთს საქართველოში თხევადი აირის იმპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებულია 10.9 მლნ დოლარის გათხევადებული გაზი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 5.49 მლნ დოლარის. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 98.5%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს თხევადი გაზის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან (10.85 მლნ დოლარის) შემოვიდა საქართველოში. მონაცემები აჩვენებს, რომ თხევადი გაზის იმპორტში რუსეთის წილი 99.5%-ს შეადგინა.
ამასთანავე, გასულ წელსაც იმპორტში რუსული LNG ჭარბობდა, უფრო კონკრეტულად 2023 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტმა 5.36 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს LNG-ის იმპორტში რუსულის წილი 97.6% იყო.
იხილეთ ასევე: რუსული LNG-ის რეექსპორტი, 61კომპანია და Swift-ის რუსული ანალოგი - ევროკავშირმა სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა