1-ლი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა. მანამდე, პრემიერ მინისტრმა განმარტა, რომ პედაგოგებს ანაზღაურება სულ მცირე, 250 ლარით, მაქსიმუმ კი 800 ლარზე მეტით გაეზრდებათ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა, პედაგოგებს ხელფასები სტატუსების მიხედვით გაეზარდათ, მაგრამ არა იმ ოდენობით, როგორც ეს დაპირებაში იყო, შესაბამისად, დოკუმენტი საკმაოდ ბევრ ხავეზს შეიცავს.
„ერთი პრინციპული მიდგომა არის ჩვენთვის მისაღები და ეს მდგომარეობს შემდეგში: 1 საათის ანაზღაურება იყო 26-31 ლარამდე სტაჟის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ახლა კი 1 საათის ღირებულება სამჯერ გაიზარდა და 96 ლარი შეადგინა. მაგრამ ამის პარალელურად შეიცვალა სტატუსის დანამატიც და ფუნქციური დანამატიც და შემცირდა ოდენობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთმა მიდგომამ სხვადასხვა სტატუსის პედაგოგებში ხელფასების არათანაბარი ზრდა გამოიწვია.
„მაგალითად, მენტორი მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა 200 ლარით და წამყვანი მასწავლებლის 200-დან 300 ლარამდე. არ არის გათვალისწინებული მცირე კონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლების მცირე საათობრივი დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ განურჩევლად სტატუსისა, უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასები მაქსიმუმ 200 ლარით გაეზარდათ.
გამოქვეყნებული სტატისტიკა და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა.
გათვალისწინებულია ხელფასების გაანგარიშების ფორმულით სტაჟი 0-5 წლამდე, 5-10 წლამდე, 10 წლის ზემოთ და თითოეულ კარტეგორიაზე არის დაწესებული სტაჟის კოეფიციენტი. კონკრეტული თანხა არის კვალიფიკაციის მიხედვით - ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის ხარისხის მიხედვით. საბოლოო ჯამში დოკუმენტი არის ხარვეზიანი და კარგად გადახედვას მოითხოვს“, - აცხადებს მაია კობახიძე.
როგორც ის აღნიშნავს, მენტორი და წამყვანი მასწავლებლების ასეთ არათანაბარ პირობებში ჩაყენება ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს თვითგანვითარებისა და კარიერული წინსვლის სტიმული დაეკარგება, რაც საბოლოოდ განათლების ხარისხზე აისახება.
„უფროს მასწავლებელთან დაკავშირებით ხელფასების ზრდის პრინცპის მივესლმები, მაგრამ დანაპირები იყი სრულ დატვირთვაზე საშუალოდ 500 ლარი და ეს უნდა გავრცელებულიყო ყველა სტატუსის მასწავლებელზე.
ასევე განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა არის მცირე - 8-10 საათი. შესაბამისად, მათი ინტერესებიც არ არის გათვალისწინებული. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
კარიერული წინსვლის პროცესში მასწავლებლები სერიოზულ შრომას დებენ და არ შეიძლება, სახელმწიფომ ეს ყველაფერი წყალში ჩაყაროს. სხვათაშორის, სახელმწიფომვე განუსაზღვრა თავის დროზე მათ ეს ვალდებულებები და ვისაც ჰქონდა სურვილი, აიმაღლა სტატუსი“ - აღნიშნა კობახიძემ.
პროფკავშირების პრეზიდენტმა დაწყებითი კლასების მასწავლებლების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებით ისინიც ზარალდებიან.
„არის კიდევ ერთი საკითხი - დაწყებითი კლასების მასწავლებლები, რომელთა საათობრივი დატვირთვა არის მხოლოდ 13 საათი, მეტი ფიზიკურად არ არსებობს. ამ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ისინი გარკვეულწილად ზარალდებიან, რადგან მათ ხელფასი არა საშუალოდ 500 ლარით ეზრდებათ, არამედ 200 ლარით“ - აცხადებს ის.
მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ პროფკავშირების პოზიცია განათლების სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი და უახლოეს დღეებში ისინი კონკრეტულ წინადადებებითა და მასში დასმული ხარვეზებით გეგმავენ მიმართონ სამინისტროს და ამ პრობლემის ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.
იხილეთ ასევე: რა კრიტერიუმების მიხედვით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასი