საქართველოში გიდები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეები თავისი კომპანიებით გეგმავენ საქართველოში ტურებს, მათ ემსახურებათ თავისივე რუსი გიდები, ტრანსპორტირებასაც თავად ახორციელებენ და საქართველოში იმ ობიექტებში იღებენ მომსახურებას, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს აქვთ დაქირავებული.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, ამ კომპანიებში დასაქმებული უცხოელი გიდები იღებენ ფულს, გადასახადებს კი არ იხდიან და სექტორიდან თანხის გადინება ხორციელდება. მისი თქმით, ქართველი გიდები, რომლებიც რუსულენოვან სეგმენტზე არიან, დატვირთულად ვერ მუშაობენ. მანვე ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორიდან თანხის გადინებაზე.
„პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, ძირითადი სეგმენტი არიან რუსები. რუსულენოვან სექტორში მყავს მეგობრები, რომლებიც იმავენაირ მდგომარეობაში არიან, ვერ მუშაობენ დატვირთულად. ეს ეხება ასევე ინდუსებს, არაბებს, პოლონელებს, ბელორუსებს და ა.შ. ვთქვათ, ტურისტებმა დახარჯეს 4 მილიარდი დოლარი, არავინ არ გვეუბნება, რამდენი გავიდა უკან. მაგალითად, ძალიან ხშირად შევხვდებით დასაჯავშნ ავტობუსებს ტურისტებით, რომლებიც რუსულნომრიან ავტობუსებს მოჰყავთ.
არიან რუსული კომპანიები, რომლებსაც შემოჰყავთ თავისი ტურისტი, მიდიან იმ ადგილებში, რომლებიც რუსებმა დაიქირავეს. ვთქვათ, ტურისტმა დახარჯა 1000 დოლარი, ოპერატორი არის იქაური და 1000 დოლარიდან უხეშად რომ ვთქვათ, 500-600 დოლარი უკან გადის ქვეყნიდან, საქართველოში რჩება მხოლოდ ის ფული, რაც დაიხარჯა ჭამაში, სუვენირში, სასტუმროში. დანარჩენი შემოსავალი ბრუნდება უკან. მით უმეტეს, ისინი არ იხდიან არანაირ გადასახადს“, - აღნიშნავს გიდი.
გიორგიძის თქმით, რამდენიმე წელია საუბარია კანონის მიღებაზე, რომელიც პრობლემას მოაგვარებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით წინსვლა არ არის.
„რამდენიმე წელია შესაბამის კანონზე მიდის საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ, პირველ რიგში, უნდა დარეგულირდეს ის, რომ საქართველოში უმეტესწილად საქართველოს მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და საქმიანობა გარკვეულწილად უნდა მოექცეს რეგულაციების ჩარჩოებში. სერტიფიცირების და ლიცენზირების სფერო სხვა თემაა, ხარისხზე უნდა იყოს აქცენტი და განათლებაზე, ვიდრე აკრძალვაზე“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.
იხილეთ ასევე: „მივალთ კატასტროფულ მდგომარეობამდე“ - როგორ უმკლავდებიან ადგილობრივი გიდები არათანაბარ კონკურენციას