„საქართველოს ევროკავშირში მოცვის ექსპორტისთვის შესანიშნავი საბაზრო ფანჯარა აქვს“ - ამის შესახებ FAO-ს საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტმა, ანდრიი იარმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, „როდესაც ესპანეთში მაროკოდან მიწოდება სრულდება, პოლონეთში მოსავლის აღებამდე კი ერთი თვეა დარჩენილი და კონკურენციაც არც ისე აქტიურადაა, ხოლო ყველა ალტერნატიული მიმწოდებელი საკმაოდ შორს მდებარეობს, საქართველოში მოცვის ფართობებისა და მოსავლიანობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, მისი შემოსვლა ევროკავშირის ბაზარზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ერთი ქვეყნის მიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად“.
EastFruit-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2024 წლის ივნისი ისტორიული თვე გახდა მსოფლიო მოცვის ბაზრისთვის - მასში გამოჩნდა ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის. საუბარია საქართველოზე, რომელიც ყოველწლიურად მოცვის წარმოებისა და ექსპორტის რეკორდებს ხსნის.
უკანასკნელი რეკორდი წელს დამყარდა, ივნისის მონაცემებით საქართველოში მოცვის წარმოებამ 3,9 ათას ტონას გადააჭარბა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი არა მოცულობა, არამედ ექსპორტის სტრუქტურა გახდა - ქართული მოცვი პირველად გავიდა ევროკავშირის ბაზარზე.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში 340 ტონა გავიდა გერმანიაში, 83 ტონა - პოლონეთში და 50 ტონა ნიდერლანდებში. ასევე აღსანიშნავია, რომ 67 ტონა მოცვი ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიერობში გავიდა.
ინვესტორები აქტიურად აფართოებენ მოცვის ფართობებს საქართველოში, რაც უახლოეს წლებში ექსპორტის სწრაფ ზრდას განაპირობებს.
იხილეთ ასევე: ქართული წარმოების მოცვის 86% რუსეთში გადის - როგორია საექსპორტო ფასი