„მონაცემები მანიპულაციურია - ანალიზის საშუალებას არ იძლევა“ - რა გამოწვევებია მიწის სისტემურ რეგისტრაციაში

„მონაცემები ანალიზის საშუალებას არ იძლევა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულ მიწებზე კომენტირებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ცნობით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოში 825 244 მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული, მათი საერთო ფართობი 523 689 ჰა-ს შეადგენს. ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის მიწაა დაურეგისტრირებელი.

იურისტის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, რა რაოდენობის მიწაა საქართველოში დაურეგისტრირებელი, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სამუშაო გაწია სახელმწიფომ და რა მოცულობის სამუშაოა დარჩენილი.

„ეს მონაცემები ანალიზის საშუალებას არ იძლევა. ამ მონაცემებით ვერ ვიტყვით, რა პროცენტულობით მიწაა დაურეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული. 2016 წელს სპორადულები რომ წაახალისეს და აზომვითი ნახაზები უფასო რომ გახადეს, მაშინ ამბობდნენ, რომ დაახლოებით 70% დაურეგისტრირებელი იყო. მანიპულაციურია მონაცემი და არ გვაძლევს ანალიზის საშუალებას.

შესაძლოა, 100%-ით ზუსტი არ იყოს, მაგრამ საშუალოდ უნდა ხედავდნენ, თავის რუკაზე აზომილი რომ არ არის, ასეთი რა ფართობის მიწაა. უნდა შეეძლოთ თქმა, რა მოცულობის სამუშაო დარჩა. ერთია ბოლო ტალღის დროს რა გააკეთეს, აქედან რა იყო ახალი ჯერ რომ არასდროს ყოფილა აზომილი და რა მოცულობის სამუშაო დარჩა“, - აღნიშნავს იურისტი.

საჯარო რეესტრის ცნობით, ამ ეტაპზე 1 177 023 მიწის ნაკვეთია აზომილი, საერთო ფართობი კი 602 855 ჰა. ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ მონაცემებში არ ჩანს, რა რაოდენობის მიწაა ახალი აზომილი და რა ფართობის ისეთი მიწა დაზუსტდა, რაც რეგისტრაციის წინა ტალღების დროს არასწორად იყო აზომილი.

„სისტემურს ვაკვირდებით, ამის აზომვებში ბლოკების მიხედვით ის მიწებიც შევიდა, რომელიც უკვე აზომილი იყო. ცალკე უნდა იყოს მონაცემები მოწოდებული, რომ ამ აზომილიდან რამდენია ახალი და რამდენია ისეთი, რაც აზომილი იყო წინა რეგისტრაციის დროს და დააზუსტეს“, - ამბობს ზაქარაშვილი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 59 მუნიციპალიტეტში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულდეს. საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ დღეში საშუალოდ 3500-4000 მიწის ნაკვეთი იზომება და 27 000 რეგისტრირდება. იურისტის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით, რა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა დარჩა დასარეგისტრირებელი, რთულია იმის თქმა, პროცესი ვადებში ჩაეტევა თუ არა.

„დღეში 3.5-4 ათასი კარგია, მაგრამ რამდენად ხარისხიანია? ეს მონაცემი თუ გვაქვს რამდენად ხარისხიანია, ვიჩქაროთ, მაგრამ უცნაურია ეს სიჩქარე მაშინ, როცა 30 წელია არასწორად ვატარეთ რეფორმები. არც ისე დიდი ტერიტორია გვაქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და რეგისტრაცია ვერ დავასრულეთ.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს დასჭირდა ამნისტია, უკანონოდ მიღებულ სახელმწიფო მიწებზე. ათასობით საქმეა აღძრული პროკურატურაში და არის რაღაც რაოდენობა, რაზეც საქმე არ აღიძრა, მაგრამ არასწორი გზით მოხვდა მოქალაქეებთან მიწები. ეს აჩვენებს, რომ კანონი სწორად არ მუშაობს და არის შანსი, ბოროტად ისარგებლონ კანონის ხარვეზით.

ვერ ვიტყვით რა მოცულობის სამუშაო შესრულდა და რა მოცულობის დარჩა. ასევე, პრაქტიკულად, არ გვაძლევენ მონაცემებს, დავა რამდენზე დაიწყო, რამდენი გახდა პრობლემური და ა.შ. ამ ფონზე უცნაურია სისწრაფეზე აქცენტი, ალბათ, ჯობდა, რომ ხარისხზე გაგვეკეთებინა აქცენტი, ამნისტიები არ დაგჭირვებოდა, რეგისტრაციის ტალღები გაანალიზებულიყო და ხარვეზები გვეპოვა“, - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

იხილეთ ასევე: მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით საქართველოში 825 000-ზე მეტი ნაკვეთია დარეგისტრირებული

„მივიღებთ კიდევ ერთ ხარვეზიან ტალღას“ - რა გამოწვევებია მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში

მერი ტაბატაძე