გუშინ გვიან ღამით, 22:30 საათისთვის თბილისში, ტაბიძისა და რაზმაძის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო გზის ნაწილი ჩაიშალა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ადგილობრივმა მაიკო ცეცაძემ განაცხადა, ტერიტორიაზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, რის გამოც, გზას მიწა აქვს გამოცლილი.
როგორც ადგილობრივი განმარტავს, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გვიან ღამით კი, მოქალაქეებმა ბიძგები იგრძნეს, რასაც შემდეგ საავტომობილო გზის ჩაშლა მოჰყვა.
„22:30 საათისთვის საშინელი, თითქოს აფეთქების მსგავსი ხმა იყო, თავიდან აფეთქება მეგონა, მერე ბიძგები მოჰყვა, სახლმა რყევა დაიწყო და ვიფიქრეთ, რომ მიწისძვრა იყო. გავიხედე ფანჯარაში და ზუსტად ფანჯრის წინ მშენებარე ობიექტია, ჯერჯერობით არ არის კედლები ამოყვანილი, თხრიდნენ და მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ე.წ კოდალა. ჩაიშალა მიწა, რაც მიჯნავს ზედა ქუჩას ქვედა ქუჩისგან. რაზმაძის ქუჩაზე მიდის ეს მშენებლობა ჩვენ ტაბიძეზე ვცხოვრობთ,“ - ამბობს ცეცაძე.
მისი ინფორმაციით, ადგილზე ერთი თვის წინაც ჩაიშალა გზა, რის შედეგადაც მოქალაქეებმა საჩივრებით მიმართეს მერიას, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა მომხდარს, უცნობია.
„დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში 15-20 წუთის ინტენსივობით იშლებოდა და ემატებოდა მიწის ნაშალი. გასკდა ცენტრალური წყლის მილიც და რამდენიმე საათი ასე იყო. ერთი თვის წინ სავალი გზის ფრაგმენტი ჩაიშალა, მაშინ მოხდა გამაგრება მსუბუქი კონსტრუქციით, სამი ბოძი შეუყენეს ქვევიდან და გაავლეს წითელი ლენტი რომ პარკირება არ ყოფილიყო იქ დაშვებული. სხვა არანაირი გამაფრთხილებელი არ ყოფილა. პირადად მე არ შემიტანია საჩივარი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ გარშემო მოსახლეობამ რამდენიმე ათეული საჩივარი შეიტანა ბიძგების და მაგ ინციდენტის გამო შესაბამის უწყებებში, მაგრამ რეაგირება არ ვიცი რა მოჰყვა ამას,“ - განაცხადა მაიკო ცეცაძემ.
მისი ცნობით, ჩაშლილმა გზამ ჩაიტანა კომუნიკაციების ნაწილი, მათ შორის ინტერნეტ ხაზები და დაზიანდა წყლის გაყვანილობა. ადგილზე მუშაობდა „ჯივიპი“, თუმცა მომსახურება ამ დრომდე არ არის აღდგენილი.
ამასთან, ადგილობრივი მცხოვრების თქმით, მიმდებარედ გზა ამ დრომდე გადაკეტილია. დღეს დილით ადგილზე მისულები იყვნენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.
„ჩვენთვის არავის არ უთქვამს, რომ საევაკუაციო ვიყავით, მაგრამ მე თვითნებურად დავტოვე სახლი და გამოვედი, პირველ სართულზე ვცხოვრობ და ჩემს თვალწინ ქუჩის ნახევრამდე ჩაიშალა და ბორდიურთან გაგვიბეს წითელი ხაზი და ვერ გავრისკეთ გაჩერება. დღეს იყვნენ მოსულები, მაგრამ მერიიდან იყვნენ თუ გამგეობიდან არ ვიცი ზუსტად. ექსპერტიზის დასკვნა უნდა დაიდოს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტაცია. იმიტომ რომ გზის რეაბილიტაციამდე არის კედელი გასამაგრებელი, ფაქტობრივად, გზას ძირი აქვს გამოთხრილი. კომპანიას იმავე ქუჩაზე აქვს კიდევ ერთი აშენებული კორპუსი და ახლა შენდება 9-სართულიანი მონსტრი ამ პატარა ვიწრო ქუჩაზე,“ - განაცხადა მაიკო ცეცაძემ.
როგორც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, "ბიზნესპრესნიუსს" მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, ადგილზე მშენებლობა შეჩერდა, ხოლო მშენებარე კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.
იხილეთ მერიის კომენტარი: „მშენებლობა შეჩერდა, კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა“ - მერია ტაბიძე-რაზმაძის კვეთაზე მომხდარ ფაქტზე