კომპანია, რომელიც ტაბიძე-რაზმაძის კვეთაზე მშენებლობას ახორციელებდა, 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, მშენებლობა კი შეჩერდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით ვაკეში, ტაბიძისა და რაზმაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი ჩაიშალა. მოქალაქეების ინფორმაციით, ადგილზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა, რის გამო, გზას მიწა ჰქონდა გამოცლილი.
„რაზმაძის 54 და 56-ის მიმდებარედ, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი. სამუშაოების პროცესში ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. აღნიშნულზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა,“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ინსპექციაში.
იხილეთ ამავე თემაზე - „გზას ძირი აქვს გამოთხრილი, ერთი თვის წინაც ჩაიშალა მიწა - 9-სართულიანი მონსტრი შენდება“