„ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას - სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით“

„ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა.

როგორც გეოლოგი აღნიშნავს, ვაშლიჯვრის ფერდს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების დროს მოუჭრეს ძირი. მისი თქმით, ასეთ დროს ბუნებრივია, რომ მასა დაიწყებს მოძრაობას.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. როცა დაიწყეს იქ გზის მშენებლობა, მეწყერს ჩამოუჭრეს ფუძე, სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით. შეიძლება ბევრ ადგილს დაარტყას. მე ვცდილობ ვაშლიჯვარში მანქანით არ ვიარო.

ეს იმიტომ ხდება, რომ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან. ვაშლიჯვარში როდესაც იწყებდნენ მშენებლობას, მაშინაც ვამბობდი, ხელი არ ახლოთ, არ გაიყვანოთ გზა, ფუძეს უჭრით-მეთქი. მეწყერის ბოლო ენა მთავრდება დავით აღმაშენებლის ხეივანთან, სამხედრო გზა თავის დროზე იყო კარგად გაყვანილი, არ კიდებდნენ ხელს მეწყერს. ახლა რომ დაიწყეს იქ მშენებლობები, მოუჭრეს ენა მეწყერს. ცხადია, რაღაც რომ არის დაქანებული და იმას ბოლოს მოუჭრიან, დაიწყებს მასა ქვემოთ მოძრაობას,“ - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

გეოლოგს მიაჩნია, რომ ვაშლიჯვარში ფერდის გამაგრება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თვალჭრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები და მიწის მოჭრა საერთოდ არ უნდა განხორციელებულიყო.

„მიმაჩნია, რომ საერთოდ ვაშლიჯვრის პრობლემა ასეთი მარტივი არ არის, როგორც ჰგონიათ, რომ გაამაგრებენ და ბეტონს ჩაასხამენ. გაცილებით უფრო რთულად იქნება საქმე და საერთოდ როგორი იქნება ვაშლიჯვრის საქმე, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა ადგილი არ არის კრიტიკული, მაგრამ ზოგიერთი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ახალი ნაგებობები, ძალიან პრობლემურია ვაშლიჯვარში. ვაშლიჯვრისთვის საერთოდ ხელი არ უნდა მოეკიდათ.

ეს არის შემთხვევების ჯაჭვი, რომელიც გაგრძელდება. პრევენცია იქნება, რომ არ ავაშენოთ ვაშლიჯვარში საერთოდ, დავაკონსერვოთ ეს მეწყერი და აღარ ავაშენოთ - გეოლოგიურად ეს არის სახიფათო, პრობლემური და მგრძნობიარე ადგილი,“ - აღნიშნავს გეოლოგი.

შეგახსენებთ, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩა N5-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფერდზე ნაპრალების გაჩენის გამო, ადგილზე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოებს შპს „გელოვანი დიველოფმენთი“ აწარმოებს. მათივე ცნობით, სამშენებლო კომპანიას დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება დაევალა.

იხილეთ ასევე: მუნიციპალურმა ინსპექციამ შესწავლა დაიწყო - რას აცხადებენ მერიაში ვაშლიჯვარში გაჩენილ ნაპრალებზე?

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ვაშლიჯვარში, ნაპრალებიან ფერდთან, კორპუსს აშენებს

მერი ტაბატაძე