„გეოლოგიური კუთხით, ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა.
როგორც გეოლოგი აღნიშნავს, დედაქალაქში გეოლოგიურად სახიფათო ადგილებს მიეკუთვნება მთაწმინდა. კიდევ ერთი კრიტიკული ქუჩა, რომელზეც თვალჭრელიძემ ისაუბრა, არის ჟვანიას ქუჩა, სადაც მისი თქმით, ახალი მეწყერის ჩასახვა მიმდინარეობს.
„ძალიან ბევრი კრიტიკული ადგილია თბილისში. ამაზე ვსაუბრობ სულ, ეს არის ჟვანიას ქუჩა, სადაც ახლა ისახება ახალი მეწყერი. სიხარბეა, როცა აცლიან მთას ფერდს და შიგნით ჩაამონტაჟებენ სახლს - პირდაპირ ვამბობ, ეს არის მთაწმინდის ახალი მშენებლობები. ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.
გეოლოგთან ვისაუბრეთ ვაშლიჯვარში არსებულ სიტუაციაზეც. როგორც თვალჭრელიძე ამბობს, ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას და საფრთხეს წარმოადგენს. ადგილზე დღემდე გამოწვევად რჩება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
„ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. როცა დაიწყეს იქ გზის მშენებლობა, მეწყერს ჩამოუჭრეს ფუძე, სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით. შეიძლება ბევრ ადგილს დაარტყას. ვაშლიჯვრის პრობლემა ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჰგონიათ, რომ გაამაგრებენ და ბეტონს ჩაასხამენ. საერთოდ როგორი იქნება ვაშლიჯვრის საქმე, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ყველა ადგილი არ არის კრიტიკული, მაგრამ ზოგიერთი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ახალი ნაგებობები, ძალიან პრობლემურია ვაშლიჯვარში. ვაშლიჯვრისთვის საერთოდ ხელი არ უნდა მოეკიდათ,“ - განაცხადა თვალჭრელიძემ.
იხილეთ ასევე: „ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას - სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით“