„იდენტიფიცირებულია პრობლემური კვანძები“ - როგორ უნდა მოგვარდეს ბათუმში გადატვირთული მოძრაობა

City Institute Georgia-მ ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დიდი ხანია დაასრულა, კონცეფცია ქალაქის მერიას რამდენიმე თვის წინ ჩაბარდა, თუმცა, დადასტურებას ამ დრომდე ელოდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ წერდა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებები განისაზღვრა ბათუმის განაშენიანებისა და განვითარებისთვის. კიდევ ერთი ნაწილი ქალაქის სატრანსპორტო მიმართულებას უკავშირდება. ბათუმისთვის დღემდე გამოწვევას წარმოადგენს საცობები და გადატვირთული მოძრაობა. რისი გაკეთება იგეგმება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად - ამის შესახებ City Institute Georgia-ს ურბანისტს ანდრო ქორთუას ვესაუბრეთ.

როგორც ქორთუა აღნიშნავს, სატრანსპორტო მიმართულებით პრიორიტეტული იქნება სატრანსპორტო კვანძების გაძლიერება.

„სატრანსპორტო მიმართულებით აქცენტი ძირითადად გაკეთებულია ღერძების გაძლიერებაზე. ღერძების გაძლიერება არ გულისხმობს სამანქანო ზოლების დამატებას ამ არეალებში, არამედ გულისხმობს პირველ რიგში, სადაც შესაძლებელი იქნება, მულტიმოდელურობას, რომ შერეულად იყოს წარმოდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ტრანსპორტი, ველო-ინფრასტრუქტურა, ქვეითებისთვის უსაფრთხო პირობებში გადაადგილება,“ - ამბობს ქორთუა.

ურბანისტის თქმით, იქ, სადაც სატრანსპორტო მიმართულებით მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არ არის შესაძლებელი, მაორგანიზებელი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

„მაორგანიზებელი სახის ცვლილებები მაგალითად შესაძლოა, იყოს სიჩქარის შეზღუდვები, გარკვეული პრიორიტეტების მინიჭება ქვეითებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება, ტროტუარების გაზრდა.

პროცესში გვყავს ჩართული უკრაინელი ტრანსპორტის სპეციალისტები - მათ მოდელირება შეიმუშავეს, განსაზღვრეს კონცეფციას რა გავლენა ექნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და ამის საფუძველზე განისაზღვრა ღონისძიებები, რომლებიც გადატვირთულ ნაწილში შესაძლოა განხორციელდეს.

პრობლემური კვანძები არის იდენტიფიცირებული და გაკეთებულია რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს არეალები მოეწყოს ისე, რომ არ წარმოიქმნას ძაბრის ეფექტი და დაორგანიზებული ნაკადები არ გვქონდეს გარკვეულ ნაწილებში,“ - განაცხადა ანდრო ქორთუამ.

იხილეთ ასევე:

„უნდა განიტვირთოს ქალაქი.. ორი ტერიტორია შეირჩა“ - როგორია ბათუმის განვითარების გენერალური გეგმა?

მერი ტაბატაძე