სამშენებლო ნებართვის პირობების დარღვევისთვის 165 ობიექტი დაჯარიმდა - რა რაოდენობის ჯარიმა დაიწერა?

2024 წლის პირველ ნახევარში სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოებისთვის 165 ობიექტი დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, დარღვევებისთვის ჯამურად გამოწერილი ჯარიმის რაოდენობამ 2 031 000 ლარი შეადგინა. დაჯარიმებული ობიექტების რაოდენობა და ჯარიმის ოდენობა მშენებლობის კლასების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • მეორე კლასი - 14 ობიექტი, ჯარიმების ოდენობა 56 000 ლარი;
  • მესამე კლასი - 58 ობიექტი, ჯარიმების ოდენობა 580 000;
  • მეოთხე კლასი - 93 ობიექტი, ჯარიმების ოდენობა 1 395 000 ლარი.

„სამართალდამრღვევებს დაევალათ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“, - აღნიშნულია მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

ცნობისთვის, შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად:

I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

II კლასი – ხასიათდება რისკის დაბალი ფაქტორით - განისაზღვრება განაშენიანების სიმჭიდროვის კოეფიციენტ K-2-ით (სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა ა.შ.);

III კლასი – რისკის საშუალო ფაქტორით - (სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ​2-დან 6 000 მ​2-მდე ფართობის, 12 მ-დან 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა ა.შ.);

IV კლასი – რისკის მაღალი ფაქტორით (სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ 2-ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა და ა.შ.);

V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები - სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები და ა.შ.).

იხილეთ ასევე: თბილისში 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერდა

მერი ტაბატაძე