საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოში 1.72 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასული წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. მათი რაოდენობა 215 447-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს TOYOTA - ამ მარკის 187 022 ავტომობილია საქართველოში.
ამასთანავე, მესამე ადგილზე არის FORD-ი. საქსტატის მიხედვით, საქართველოში FORD-ის მარკის 165 974 ავტომობილია. მეოთხე ადგილს კი იკავებს VAZ-ი 153 579 ავტომობილით. ხუთეულს ხურავს OPEL-ი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული მარკის 146 876 ავტომობილი არის რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 1.3%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ხოლო შარშან პირველ შვიდ თვეში 1.178 მლრდ დოლარის 60 475 ერთეული.
რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 14%-ით შემცირდა. წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1.876 მლრდ დოლარის 123 410 ერთეული.