გვჭირდება მეტი ახალი ბაზარი - ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი ასეთია - ჩინელი ავტოექსპორტიორი

„გვჭირდება მეტი ახალი ბაზარი. ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პოტენციური ბაზარია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჩინური ავტოექსპორტიორი კომპანიის, Ycauto-ს წარმომადგენელმა ჩან ერიკ ლიმ განაცხადა.

როგორც ექსპორტიორი აღნიშნავს, მის კომპანიას აქვს წვდომა რუსეთის, ამერიკისა და საუდის არაბეთის საავტომობილო ბაზრებზე, ამჟამად კი ეძებს მეტ და ახალ ბაზარს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტს ვახორციელებ. ჩვენი კომპანია ამჟამად ეძებს პოტენციურ ბაზრებს. გვაქვს ბიზნესი და წვდომა რუსეთის, ამერიკისა და საუდის არაბეთის ბაზრებზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი ბაზარი. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი პოტენციური ახალი ბაზარია. გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ჩინეთიდან საქართველოში ავტომობილების ექსპორტის შესახებ და ესეც აჩვენებს, რომ ნამდვილად გვსურს, ვაკეთოთ ბიზნესი ქართველ ბიზნესმენებთან ერთად - ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა. ამჟამად ჩინური ავტომობილები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და მოხარულები ვიქნებით ქართველ ბიზნესმენებთან თანამეგობრობითაც,“ - განაცხადა ჩან ერიკ ლიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტოდილერები დაესწრნენ.

იხილეთ ასევე: „სატრანზიტო გზად სახმელეთო მიმართულებას არ განიხილავენ“ - რა შეთავაზება აქვთ ჩინელ ავტოიმპორტიორებს

მერი ტაბატაძე