საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
„საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე სემეკ-ის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას წარუდგენს.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ სემეკ-ის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს. კანონისა და კონსტიტუციის შეუსაბამობას ადასტურებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანიც.
მისი თქმით, შესაძლოა, კანონის არაკონსტიტუციურობასთან გვქონდეს საქმე. მისივე განცხადებით, შესაძლოა კანონის შეცვლა გახდეს საჭირო და ცვლილებამდე სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა იმოქმედა კანონის თანახმად. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს ეს უფლებამოსილება, თუმცა, კონსტიტუციური ჩანაწერები განსხვავებული შინაარსის არის. პრეზიდენტს აქვს მხოლოდ კონსტიტუციით გაწერილი პრეროგატივა და უფლებამოსილებები. ვინაიდან კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შესაძლოა, კანონის არაკონსტიტუციურობასთან გვქონდეს საქმე. ამიტომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი და ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას კონსტიტუციური კანონმდებლობა მოითხოვს,“- აცხადებს გიორგი კახიანი.