ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია და დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში ჩემი 25- წლიანი მუშაობის განმავლობაში ინვესტორების მიმართ მინახავს, - ასე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ ანაკლიის პროექტის პოტენციურ ინვესტორ კომპანია „მერიდიანთან“ გამართულ შეხვედრას აფასებს.
ჯონასი „მერიდიანთან“ ცქიტიშვილის შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, თავად და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ორი წევრი ესწრებოდნენ.
როგორც ჯონასი აცხადებს, ინვესტორის მიმართ მინისტრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს მხარს უჭერს დასავლეთი, თუმცა მთავრობის მხრიდან ვერ ხედავს მხარდაჭერას.
„ანაკლიის პროექტი სარგებლობს უდიდესი მხარდაჭერით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, ამერიკის მთავრობა, EBRD, OPIC და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანალოგიური დადებითი დამოკიდებულება არაა პროექტის მიმართ. ეს პროექტი საჯარო-კერძო პარტნიორობაა. მთავრობამ უნდა იმოქმედოს, როგორც პარტნიორმა და არა როგორც მტერმა,“ - განაცხადა ტედ ჯონასმა.