ერთი წელია ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებენ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ანკლიის პროექტის გარშემო მიმდინარე პროცესები ნიშნავს იმას, რაც დღეს კონსორციუმმა გააჟღერა - საბოტაჟს. მისივე თქმით, ხელისუფლება მოტივირებულია, რომ პროექტი არ შედგეს.
„ეს არის უდაო და საჯარო. არც ჩემი ვერსიაა და არც არავის ბრალდება. ეს ყველაფერი საჯაროდ იქნა ივანიშვიის მიერ დაანონსებული და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება. ეს პროექტი ჩვენთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ „ევროპული საქართველო“ თავისუფალი ბაზრის და ეკონომიკის მომხრე ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პროექტის განმახორციელებელი, რადგან გეოპოლიტიკური საკითხია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ანაკლიის პროექტი განხორციელდება. იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კანონის უზენაესობას იგნორირებას უკეთებს და ღიად მოტივირებულია, რომ პროექტი არ შედგეს, წარმატებას ადგილი არ ექნება“, - აცხადებს ბოკერია.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. ამასთან, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ „არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ აპირებენ“.
თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, 15 ოქტომბერს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება.