მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირი „მზიურს“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
კერძოდ, კონკურსში შპს „ნს სტუდიომ“ გაიმარჯვა. მის გარდა, ტენდერში კიდევ ორი კომპანია შპს „ატელიე არქიტექტსი“ და შ.პ.ს. ,,საქგზამეცნიერება" მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 16 აგვისტოს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 111 100 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი თანხაც სწორედ 111 100 ლარს შეადგენს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ პარკი ქალაქის ცენტრალურ, ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში მდებარეობს, დგება აუცილებლობა, რომ მასზე წვდომა ქალაქის მიმდებარე უბნების მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს გაუმარტივდეს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, დაიგეგმა მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირიდან, კერძოდ, სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან, „მზიურის“ პარკის მიმართულებით მოეწყოს საფეხმავლო ხიდი, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირთა ასევე ველოსიპედისტთა გადასაადგილებლად.
პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის ქალაქის ინფრასტრუქტურასთან და ადგილმდებარეობასთან ორგანული შერწყმა. ის უნდა გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ობიექტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისათვის. ხიდის სიგანე გათვლილი უნდა იყოს ორმხრივ ველოსიპედისტთა და ფეხმავალთა (მათ შორის შშმ პირთა) გადასაადგილებლად, საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების შესაბამისად, ხოლო ხიდის სიგრძე შემოთავაზებული იქნება მიმწოდებლის მიერ.
ხიდიდან პარკში ჩამოსასვლელად უნდა იყოს გათვალისწინებული პანდუსები, ლიფტები, კიბეები და სხვა ვერტიკალური გადაადგილებისთვის საჭირო მოწყობილობები (პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე),“- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.