ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „საქართველოს 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაშია“.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა.
„მინდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავამშვიდო, არ გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა არ გვქონდეს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ჩვენთვის აუცილებელია მივდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს. პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არის საქართველოში, იმყოფება საკარანტინო და საიზოლაციო ზონებში, თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებულები“, - განაცხადა ტიკარაძემ.