კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, არასასურსათო პროდუქტების რითეილერებს მრავალი პრობლემა გაუჩინა. გარდა იმისა, რომ დაიხურა სავაჭრო მოლები და ბრენდული მაღაზიები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მათ დიდი ნაწილს ტვირთები საბაჟო საწყობებში გაუჩერდა. როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ სახელმწიფო „რითეილერებისთვის“ დღგ-ს გადასახადზე გარკვეულ შეღავათებს არ შემოიღებს, საბაჟო საწყობები გაივსება და შესაძლოა, ტერმინალების პარალიზებაც კი მოხდეს.
ცნობისთვის, “რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთინებს 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას. საუბარია ისეთ ბრებდებზე, როგორიცაა: „ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“, "სტრადივარიუსი" და ა.შ.
აღნიშნული მაღაზიები დიდ სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი და როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხდდა, მაღაზიებმა უკვე ათობით მილიონი ლარის ზარალი მიიღეს.
„ჩვენ დაახლოებით, 40-მდე ლითეილერს შევხვდით და აბსოლუტურად ყველას აწუხებს ეს პრობლემა. სახელმწიფომ რა შეღავათებიც დააწესა, უდაოდ კარგია, თუმცა კონკრეტულად ჩვენს სექტორს ყველაზე მეტად რაც დაეხმარებოდა, ეს არის იმპორტის დღგ-ს გადავადება, ან მიბმა რეალიზაციაზე. ანუ, იმპორტირებისას კი არა, გაყიდვიდან რომ გადაგვეხადა. იმიტომ, რომ ყველა „რითეილერს“ 2 თვე გაუცდა და ეს საქონელი ძალიან დიდი რაოდენობით აქვს გასაყიდი. ამას ემატება საბაჟოზე და გზაში რაც იყო, ისიც დაგროვილია. ფულადი სახსრები არცერთ „რითეილერს“ არ აქვს, რომ ეს პროდუქცია განათავსოს და ამის პროცენტი გადაიხადოს. შედეგად, მოხდება ის, რომ გაივსება საბაჟო საწყობები და შესაძლოა, ტერმინალების პარალიზება მოხდეს. თუ ეს პროდუქცია უბრალოდ გაჩერებული იქნება საბაჟოებზე, აქედან ვერანაირ ბენეფიტს ვერც კომპანია მიიღებს, ვერც სახელმწიფო. შესაბამისად, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება იმპორტიორებისთვის სახელმწიფომ გააკეთოს, არის ის, რომ უფლება მისცენ დღგ არა იმპორტისას, არამედ, რალიზაციისას გადაიხადონ. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც „რითეილერებს“ აწუხებთ“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.