დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.
თვითდასაქმებულებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სამუშაო ან შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.
კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
- საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
- საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
- ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
- 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმეტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
- 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
- მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
- საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.