დღეიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნა. შესაბამისად, ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეუძლიათ პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ. შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინე ზონად 23 მარტს გამოცხადდა.
დღეიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. სილამაზის სალონების ფედერაციის განცხადებით, „ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
გარდა ამისა, დღეიდან იხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
ამასთან, დღეიდან პირობითი მსჯავრდებულების კონტროლი ეტაპობრივად აღდგება. მსჯავდებულთა პირველი ჯგუფი ვალდებული იქნება დაუბრუნდეს კონტროლის ჩვეულ რეჟიმს.