QR კოდები, ან ერთჯერადი მენიუ, ეს ის აუცილებელი პირობაა, რომელიც მომხმარებლებს ყველა რესტორანსა თუ კაფეში უნდა დახვდეთ.
თუ აქამდე, ობიექტები, ტრადიციულ, მრავალჯერად მენიუს იყენებდნენ, კონონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც, ეს კატეგორიულად აკრძალულია.
სწორედ საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანია „პრინტარეამ“ რესტორნებისთვის, ერთჯერად მენიუსთან ერთად, QR კოდების დაბეჭდვა გადაწყვიტა. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი თინა სანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის მსოფლიოში უკვე აპრობირებული, საქართველოში კი ინოვაციური მეთოდი, როდესაც მომხმარებელი ყველნაირი შემხებლობის გარეშე, მაგიდაზე დადგმული QR კოდის საშუალებით, საკუთარი მობილურიდან ახორციელებს შეკვეთას.
„ჩვენ რესტორნებს ვთავაზობთ დიზაინერულ მომსახურებას, მენიუების ელექტრონულ ვერსიაზე გადაყვანას, ეს შეიძლება იყოს კერძის ფოტოებით, ან ამის გარეშე, ასევე, რამდენიმეენოვანი, შემდეგ ამ ყველაფრი სერვერზე ატვირთვას და მაგიდაზე დასადგმელი QR კოდის დამზადებას, რომელსაც მომხმარებელი მობილურით ავტომატურად უკავშირდება და საკუთარი მოწყობილობილობიდანვე შეუკვეთავს. ამ შემთხვევაში უკვე ერთჯერადი მენიუები საჭირო აღარ არის. QR კოდები არის აბოლუტურად დაცული, რადგან შეკვეთის პროცესში გარდა საკუთარი მობილურისა შემხებლობა არ გაქვს არაფერთან. ამასთან, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია.
გარდა ამისა, ვამზადებთ ჩვეულებრივ მენიუებსაც და ახლა უკვე, საჭიროებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავბეჭდოთ ერთჯერადიც. ეს შეიძლება იყოს, სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე, განსხვავებული სახეობის და ტირაჟის.
იქიდან გამომდინარე, რომ ჯადაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, აუცილებლია ელეტრონული ან ერთჯერადი მენიუს გამოყენება, გამოხმაურება უკვე ძალიან დიდია. მეტიც, ერთჯერად მენიუებზე ჩვენ უკვე 10-მდე რესტორნის შეკვეთა გვაქვს და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება“.
როგორც თინა სანაძე ამბობს, მას შემდეგ რაც პანდემით გამოწვეული მოთხოვნების შესრულება სავალდებულო აღარ იქნება, შესაძლოა, QR კოდების გამოყენება საქართველოშიც აქტიურად გაგრძელდეს, რადგან ის სხვა ქვეყნებში თანამედროვე ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
„ზოგადად, მსოფლიოში ძალიან აპრობირებულია ელექტრონული მენიუები. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც კი გახდა. ამიტომ, დიდი ალბათობით საქართველოშიც დაინერგება და სამომავლოდ ყველა რესტორანი ასეთ მომსახურებაზე გადავა. ამასთანავე, QR კოდის საშუალებით შეკვეთა ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე ერთჯერადი მენიუების გამოყენება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხელი შეგვეწყო კომპანიებისთვის, რომ დანახარჯი არ ჰქონდეთ დიდი“,-ამბობს თინა სანსაძე.
შეგახსენებთ, რომ ღია სივრცის რესტორნები და კაფეები 1-ლი ივნისიდან გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ობიექტებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ამასთან, კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვთ, ადგილის დაჯავშნა უნდა მოხდეს წინასწარ, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანისა, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ. ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს; მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული უნდა იყოს.