ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
მათ შორის საუბარია იმ წესებზეც, რომლის დაცვაც სასტუმროებს მოუწევთ. სხვადასხვა სავალდებულო ღონისძიების შესახებ აქამდე იყო ცნობილი, მაგალითად ის, რომ სასტუმროს საჯარო სივრცეში აუცილებელი იქნებოდა პირბადის გამოყენება და ა.შ. თუმცა, სამინისტროს მიერ შემუშავებულ საბოლოო ვარიანტში, ვკითხულობთ, რომ სასტუმროებში ორსართულიანი საწოლების გამოყენებაც დაუშვებელი იქნება.
კერძოდ, შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
- თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;
- უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);
- სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
- ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
- უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;
- დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;
- საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
- სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით:
- დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);
- დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
- დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.