„ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გახსნილია ფიტნეს დარბაზები, რამაც ხელი შეგვიწყო ახალი სტანდარტებისთვის მომზადებაში“, - ამის შესახებ "ოქტოპუს ფიტნეს კლუბის" დირექტორმა გიორგი ასათიანმა რადიო „პალიტრასა“ და “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარების გამო ფინანსური ზარალი ძალიან დიდი იყო და სექტორის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს მთავრობას გარკვეული რეკომენდაციით თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელშეწყობა.
„ჩვენც უკვე რამდენიმე კვირაა გვყავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალ სტანდარტებზე მუშაობს. შემიძლია გითხრათ, რამდენიმე სტანდარტი რაც დასავლეთის ქვეყნებში არის მიღებული. ერთ-ერთი არის დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხი. ამ თვალსაზრისით, სტანდარტები შედარებით გამკაცრებულია, რაც გულისხმობს მაგალითად იმას, რომ დღეში სამჯერ და ღამის განმავლობაში ერთხელ უნდა მოხდეს ღრმა წმენდა და დეზინფექცია. ეს კი ბუნებრივია, სამუშაო ანუ ოპერირების საათებზეც მოახდენს გავლენას.
რაც შეეხება მომხმარებლების კლუბში ვიზიტს, მოხდება - ტემპერატურის შემოწმება, იქნება დეზობარიერი, ასევე ფეხსაცმლის ბახილების აპარატი. არის ინიციატივები გასახდელებში შხაპების გაუქმებაზე, ამასთან, ზოგან ყოველი მეორე კარადა არის გაუქმებული, არის მანიშნებლები იატაკზე, კედლებზე, სკამზე, რათა დაცული იყოს სოციალური დისტანცია. ჯგუფური ვარჯიშების შემთხვევაში, როგორიცაა: იოგა, პილატესი და ა.შ. ყველას შემცირებული აქვს მომხმარებელთა დაშვება.
რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, გაზაფხული შეიძლება ითქვას, ფინანსური ხერხემალია, რომელიც ფარავს ჩავარდნის სეზონებს, შესაბამისად, ზარალი ძალიან დიდი იყო. მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაწესებულმა შეღავათმა, რა თქმა უნდა, მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი და გაგვეცა ანაზღაურებები. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიასთან ერთად უკვე მივმართეთ ხელისუფლებას - თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო ამ სექტორს, ერთ-ერთი ასეთი არის დღგ-ს გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი,“-განაცხადა ასათიანმა.