თბილიის სატრანსპორტო კომპანიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
თუ წინა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიკროავტობუსების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29,819 მლნ ლარი იყო, ამჯერად ეს თანხა 678 ათასი ლარით გაიზარდა.
მიკროავტობუსების შესყიდვაზე სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 15 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 497 064 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა ყოფილიყო 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა ყოფილიყო 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონოდა მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება.