საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ. აღნიშნულს გულისხმობს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დღეს განიხილეს.
როგორც პროექტის ავტორმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, კრემაციის სერვისი კანონმდებლობით არ რეგულირდება და გადაწყვიტა, რომ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში ვისაც სურს, გარდაცვალების შემდეგ კრემაციის სერვისს მიმართოს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, იყოს არჩევანის თავისუფლება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მომზადებამდე ცვლილების ავტორებმა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევაც ჩაატარეს.
როგორც ამ მოკვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი დაკრძალვის ფორმა და მეთოდი.
„კრემაციის სერვისის განვითარების შემთხვევაში, მისი გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი იქნება დაბალი საწყის ეტაპზე და მისი გაზრდა მოსალოდნელია ნელი ტემპით. შესაბამისად, ბაზარს ექნება შესაძლებლობა, ეტაპობრივად მოერგოს ცვლილებებს. სასაფლაო მიწები არის დეფიციტური საქართველოში. კრემაციის სერვისის განვითარება ხელს შეუწყობს სასაფლაო მიწების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტას და მიწის რესურსის გამოთავისუფლებას მიწის რესურსზე მზარდი მოთხოვნის შემცირების გზით; პირველადი შეფასებით საქართველოს ბაზარზე არის საკმარისი მოთხოვნა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კრემაციის სერვისის მომგებიანი მიწოდება,“- ნათქვამია მოკვლევაში.
იხილეთ ასევე: საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ - კანონპროექტის დეტალები