საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი კი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება.
"2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა",- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წელს მოეწერა ხელი.