საახალწლო ღონისძიებების ჩატარებისთვის 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
ამ მიზნით გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადდა, რომელიც განიხილება.
მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის თანახმად, მერია 2020 წლის შესახვედრად და დედაქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც მათი ცნობით, წელს განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
ღონისძიებები 20 დღის განმავლობაში, 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 1 996 000 ლარია.
„საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით დაიწყება. ცენტრალური ნაძვის ხე ოფიციალური პირების მონაწილეობით საზეიმო ვითარებაში აინთება, გათამაშდება მინი მუსიკალური სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. „საახალწლო ქალაქი“ მოეწყობა, სადაც, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები. ჩატარდება თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები, მსვლელობები კოსტიუმირებული მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. გაიმართება თეატრალური წარმოდგენა “პატარა უფლისწული“, რომელიც შექმნილია თეატრის, ქორეოგრაფიის, თანამედროვე ცეკვის და საცირკო ნომრების გამოყენებით. განთავსდება თემატური ფოტოგადაღების კუთხეები, ინსტალაციები და სახელოსნოები. სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.
ორბელიანის მოედანზე განთავსდება სინთეტიკური საციგურაო მოედანი, სხვადასხვა საახალწლო თემატური ინსტალაციები. ყოველდღე გაიმართება ელექტრონული მუსიკის საღამოები.
31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება. ყველასთვის საყვარელი სატელევიზიო პროექტი „ერთი-ერთში“, რომელიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში მაყურებლის დიდ ინტერესს იწვევდა, გადმოინაცვლებს ქუჩაში, უფრო მასშტაბური სახით,“-აღნიშნულია მერიის განაცხადში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი წლის მისალოცი ვიდეო რგოლის გადაღება-დამზადების ღირებულებად 125 ათასი ლარია განსაზღვრული. გარდა ამისა, მერიას, მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ გამოცხადებული ჰქონდა რამდენიმე ტენდერი ნაძვის ხის, განათებების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების, თუ სხვა ინვენტარის შესყიდვის მიზნითაც. ჯამში, ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებული ტენდერების ღირებულება - 3 მილიონ 900 ათას ლარამდეა. მათ შორის იგულისხმება, ტენდერი, რომელიც დედაქალაქში „სანტას კომპლექსის“ მოწყობას გულისხმობს.
როგორც უკვე გამოცხადებული ტენდერებიდან ირკვევა, ნაძვის ხისა და განათებული კონსტრუქციების მოწოდებას მერიისთვის იტალიური კომპანია IDO SRL-ი განახორციელებს. მხოლოდ ალუმინის საშობაო ნაძვის ხის შესყიდვის მიზნით მერიას მილიონ 100 ათას ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. იტალიურ კომპანიასთან კი ხელშეკრულება 304 ათას 848 ევრო გაფორმდა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2019 წელს თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში, დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო. 2019 წლის 5 თებერვლისთვის აღნიშნული თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.