წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ვაჟა-ფშაველას, მარშალ გელოვანის, აკაკი წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია და ბაგების უნივერსიტეტის ქუჩასთან სამანქანო ხიდით დაკავშირება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირებთან დაკავშირებით ტენდერი გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა.
კერძოდ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრანზიტულ მარშრუტებზე ავტობუსების განცალკევებული ზოლების, კვანძებისა და გაჩერებების დიზაინის შექმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი 11 დეკემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 13 იანვარს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 580 000 ლარია და ამ ეტაპზე პრეტენდენტთა წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამ ტერიტორიებზე ავტობუსის ზოლები შესაძლოა, გზის შუა ნაწილში მოეწყოს.
„მიმწოდებლის დავალებაა, არსებული პროექტის ფარგლებში შექმნას ქუჩის დეტალური დიზაინი, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი ამოცანების შესაბამისად. შესყიდვის საპროექტო არეალია: ქეთევან დედოფლის გამზირი (ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ლეხ კაჩენსკის ქუჩის გადაკვეთამდე); წერეთლის გამზირი (ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონამდე (გიორგი ცაბაძისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირი (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და პეკინის გამზირის გადაკვეთიდან - მ/ს სახელმწიფო უნივერისტეტამდე).
მიმწოდებელი ვალდებულია საკვლევ ტერიტორიაზე შეისწავლოს სატრანსპორტო ნაკადები. მოდელირებისთვის საჭირო ნაკადები კლასიფიცირებული უნდა იყოს შემდეგი ტიპების მიხედვით, პიკური პერიოდის 15 წუთიანი ინტერვალებით: მსუბუქი ავტომობილი; მიკროავტობუსი; ავტობუსი; სატვირთო. კვლევის ფარგლებში ასევე საჭიროა ფეხით მოსიარულეთა ნაკადების დათვლა, როგორც გადასასვლელებზე, ასევე ტროტუარზე გზაჯვარედინის არეალებში, ტროტუარისთვის საჭირო მინიმალური სუფთა სავალი ნაწილისა და გადასასვლელების მდებარეობის და შუქნიშნის ფაზების სწორად განსაზღვრის მიზნით.
საჭიროა საპროექტო არეალის ფარგლებში ავტობუსის განცალკევებული ზოლის დაგეგმვა და პროექტირება, საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური ბარიერის ჩათვლით. ზოლი შესაძლებელია იყოს როგორც გზის შუა ნაწილში, ასევე პირველ ზოლში. აღნიშნული უნდა გადაწყდეს ანალიზის საფუძველზე, სადაც 18-24 მეტრიანი ავტობუსები შეძლებენ შეუფერხებელ და უსაფრთხო ოპერირებას,“-ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
აღნიშნული მომსახურების დაფინანსების წყარო - 2020 წლის თბილისის ბიუჯეტია. ამასთან, მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადად - ქეთევან დედოფლის გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 თვე; აკაკი წერეთლის გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 თვე; ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირისთვის – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 7 თვეა განსაზღვრული.