თბილისში დასაგირავებელი ბინებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიწოდება ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში შეიცვალა ბინების ფასებიც და ის უფრო არასტანდარტული გახდა, კერძოდ, ერთ უბანში შესაძლოა, 2 იდენტური ფართობის და მდგომარეობის ბინის ფასი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს.
უძრავი ქონების სააგენტო ss.ge-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საიტზე სულ 391 გასაგირავებელი ბინაა. ყველაზე მეტი გასაგირავებელი ბინები ისანი-სამგორის რაიონშია, სადაც სულ 108 განცხადება ფიქსირდება.
100 განცხადებით გლდანი-ნაძალადევი მოსდევს. ვაკე-საბურთლოს რაიონში 90 განცხადება ფიქსირდება. მას მოსდევს დიდუბე-ჩუღურეთი 60 განცხადებით და ხუთეულს კი ძველი თბილისი 33 განცხადებით ასრულებს.
როგორც პორტალ SS.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მეპატრონე ბინას აგირავებს იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება.
„ყველაზე ძვირი ბინის დაგირავება მთაწმინდაზე, ვერაზე და ორთაჭალაშია. აღნიშნულ ადგილებში შესაძლოა, 70 ათასი დოლარაც კი გირავდებოდეს. რა თქმა უნდა, საუბარია მაღალი კლასის ბინებზე. საბურთალოზეც საკმაოდ მაღალი ფასებია- 40-45 ათასი დოლარი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ბინები, რომლებიც ასე მაღალ ფასად გირავდება ყველაფრით უზრუნველყოფილია და ფართობიც დიდია. საუბარია 3-4 და მეტ ოთახიან ბინებზე.
1-2 ოთახიან ბინებს საშუალოდ 12-15 ათას დოლარადაც ნახავთ, თუმცა შესაძლოა, ამ ფასადაც ცენტრალურ უბანშიც კი ნახოთ. გარდა ამისა, ხშირად კერძო სახლში აგირავებენ ერთ ოთახს. დაგირავების შემთხვევაში იპოთეკურ სესხს ან სესხის ხელშეკრულებას დებენ. უმჯობესია იპოთეკით იგირაო. იპოთეკის შემთხვევაში დამგირავებელი უფრო დაზღვეულია, რომ შემდეგ ეს თანხა უკან დაიბრუნოს. ბინის მეპატრონე შენს გარეშე ვერ გაყიდის და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს.“ - განაცხადა არაბულმა.
როგორც უძრავი ქონების სააგენტო Ctr.ge წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დაგირავების შემთხვევაში მოთხოვნა მიწოდებას ვერ აკმაყოფილებს.
„დაგირავებაზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ დასაგირავებელი ბევრი ბინა არ არის. მოთხოვნა ბევრია ძირითადად 10-20 ათასი დოლარის ფარგლებში, თუმცა მოთხოვნა მიწოდებას ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება ფასებს, გირაზე სტანდარტული ფასები არ არის. ადრე სტანდარტული ფასები იყო, ახლა ყველას თავის ფასს აწესებს. მაგალითად, ადრე კვადრატული ცენტრალურ უბანში თუ 800 დოლარი იყო, გარეუბანში 600 დოლარი ფიქსირდებოდა. ახლა ერთიდაიგივე უბანში შესაძლოა, სხვადასხვა ფასი იყოს.
ფასზე ასევე დამოკიდებულია ბინის მდგომარეობა, ოთახების რაოდენობა და ა.შ. გარეუბნებში ფასები უფრო ხშირად 10 ათასი დოლარიდან იწყება, ცენტრალურ უბნებში კი 30-40 ათას დოლარამდეც კი ადის,“ - განაცხადეს კომპანიაში.