„ბევრი თანამშრომელი გვყავს, თუმცა, საყოველთაო კარანტინის პირობებში მათთვის ხელფასების ჩამოჭრას არ ვაპირებთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "ბეკოს" გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განაცხადა.
„კომპანია, რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი თანამშრომელი გვყავს და მათი ხელფასების გადახდა გვიწევს. არ ვაპირებთ მათ ხელფასები ჩამოვაჭრათ. ჩვენი თანამშრომლები უნდა შევინარჩუნოთ და ხელფასი გადავუხადოთ მათ. აქედან გამომდინარე მუშაობა/რეალიზაცია გვჭირდება. გაყიდვებიდან შემოსავალი 70-80%-ით შემცირებულია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო გავზარდოთ რეალიზაცია ონლაინ მაღაზიებით. ყველა თანამშრომელი სახლიდან მუშაობს, ჩვენი 68 მაღაზია და 7 მომსახურების სერვისცენტრი დახურულია. რაც შეეხება იჯარის გადახდას, სავაჭრო ცენტრებმა შეღავათები გაგვიკეთეს.
შემიძლია გითხრათ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ამ პერიოდში მოთხოვნა გაზრდილია, სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ონლიან მაღაზიებმა იმუშაოს. ამისთვის ხელისუფლებისგან გვჭირდება ხელის შეწყობა. თანახმა ვართ, რომ ხელისუფლებამ მკაცრად გააკონტროლოს ყველაფერი, ოღონდ მუშაობის საშუალებაც მოგვცეს. ჩვენ ყველანაირ რეგულაციას დავიცავთ, ოღონდ დროზე მოგვცენ ამის ნება.
რაც შეეხება იმას თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მათ არა მარტო მცირე და საშუალო, არამედ ყველა ბიზნესი უნდა დაიცვას. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გადასახადები მინიმუმ 3 თვით გადავადდეს. თუ სახელმწიფო გადასახადებს გადაავადებს და ონლაინ მაღაზიებს მუშაობის უფლებას მოგვცემენ, მე მეტი არაფერი მჭირდება,“- განაცხადა მელექმა.