„ეს არის სამარცხვინო და სასაცილო რიცხვი“ - მამუკა ხაზარაძე უმუშევრობის 150 ლარიან სუბსიდიაზე

„ეს არის სამარცხვინო და სასაცილო რიცხვი“, - ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„რაც სავალუტო ფონდისგან მოვისმინეთ, ასეთ განცხადებებს მესამე პირებისგან არ უნდა ვიგებდეთ. ეს უნდა მოდიოდეს ხელისუფლებისგან. საუბარი ამოგლეჯილად, ციფრების სროლა, საქმეს ვერ გადაგვიწყვეტს. დაახლოებით 2 კვირის წინ მოვისმინეთ, რომ 2 მლრდ იქნება გამოყოფილი ბიუჯეტიდან, მაგრამ უკვე შემდეგ კონკრეტიკა, თუ რა მუხლები შემცირდება, რაში იქნება ეს 2 მლრდ გახარჯული, არ გაჟღერებულა. ანალოგიური ხდება 150 ლართან დაკავშირებითაც, ეს არის სამარცხვინო და სასაცილო რიცხვი, ეს თანხა ვერ გადაუჭრის ადამიანს ერთ თვიან არსებობას.

ჩვენ თუ მთელი კონცენტრირება საკუთარ მოქალაქეებზე არ მოვახდინეთ, ესეთი განცხადებები არანაირ შედეგს არ მოგვცემს. თუ 150 ლარზე მეტი არ გაქვს, სჯობს ეს ღიად თქვა, მაგრამ სხვა ღონისძიებებიც აუცილებელია ამასთან ერთად იქნეს წარმოდგენილი, რომ ადამიანმა დაინახოს ამ მხრიდან 150 ლარით მეხმარებიან, მაგრამ სამსახურიდან არ მიშვებენ, ლარი იქნება გამყარებული და ა.შ. თუ მთავრობის მიერ ყველა ეს ღონისძიება, კომპლექსურად არ იქნება გაჟღერებული, სტაბილურობას ვერ მივაღწევთ. ადამიანებისთვის კი მიუხედავად ომისა, პანდემიისა, სტაბილურობის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანიკის საფუძველი არ იყოს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გუშინ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია მათ შორის საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები. ანგარიშის თანახმად, 6 თვის განმავლობაში, მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდია გაიცემა.

თაია არდოტელი
„ძალიან წარმატებული ბიზნესები ორ თვეში კაპიტალის გარეშე დარჩებიან“
„ქვეყანა შევა რეცესიაში - 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუსში იქნება“
კორონავირუსი ავსტრალიის საპენსიო სისტემას დააზარალებს