კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა.
პანდემიამ კი ბაზრის მოთამაშეები გაურკვევლობაში ჩააგდო, იმპორტიორებმა ყავის მარაგების შექმნა დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყავის ფიუჩერსები 20%-ით გაიაფდა და ერთ ფუნტზე 1 დოლარი შეადგინა. (ერთი ფუნტი არის 0,45 კილოგრამი). უკვე შემდგომ კი ფასებმა ზრდა დაიწყო, 20 მარტს ერთი ფუნტის ღირებულება 1,3 დოლარამდე გაიზარდა. 15 აპრილის ვაჭრობისას Intercontinental Exchange-ის ბირჟაზე მაისის ფიუჩერსებზე ერთი ფუნტის ღირებულებამ 1,2 დოლარი შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა სახლის გარეთ ყავის მოხმარება, რადგან ბევრმა ქვეყანამ შემოიღო თვითიზოლაციის რეჟიმი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, რის შედეგადაც რესტორნები, ყავის სახლები და ოფისები დაიხურა. თავის მხრივ, მომხმარებლებმა დაიწყეს მაღაზიებში ყავის პანიკურად შეძენა - ნათქვამია საერთაშორისო ყავის ორგანიზაციის (ICO) მოხსენებაში.
თუმცა პანდემიით გამოწვეული გლობალური რეცესიისა და მოსახლეობის შემოსავლების შემცირების გამო, ყავაზე მოთხოვნაც დაიკლებს. თუ ადრე მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 2-3% -ით იზრდებოდა, ICO-ში 2020 წელს ამ მაჩვენებლის შემცირებას არ გამორიცხავენ.
მართალია, ზოგიერთი მომწოდებელი იმედებს აზიის ქვეყნებში მოთხოვნის ზრდაზე ამყარებს, თუმცა ამას საერთო ჯამში ბაზარზე დადებითი გავლენა მაინც ვერ ექნება. მაგალითად, Starbucks- ის ყავის სახლების 95% -ზე მეტი უკვე გაიხსნა ჩინეთში, თუმცა კრიზისის გამო ყავახანებში მომხმარებელთა ნაკლებობა შეიმჩნევა.
გადაადგილებაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში მდებარე ყავის პლანტაციებში შესაძლოა, მუშა-ხელის დეფიციტი გამოიწვიოს. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მიწოდება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, კონტეინერების ნაკლებობის გამო, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს თვეებში ამ მხრივ პრობლემები შეიქმნას“, - აცხადებენ ბრაზილიის ყავის ექსპორტიორთა ასოციაციაში Cecafe-ში.
მიწოდების ქსელების შესაძლო რღვევის გამო, ყავის იმპორტიორები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მარაგები. ”ჩვენ მივიღეთ მოთხოვნები მყიდველებისგან ყველა მსხვილი ბაზრიდან - აშშ-დან, იაპონიიდან, გერმანიიდან,” - განაცხადა Reuters-თან საუბრისას ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრაზილიელმა ექსპორტიორმა.
ამავდროულად, Reuters-ის ინფორმაციით, წელს ბრაზილია ყავის რეკორდულ მოსავალს ელოდება - დაახლოებით 70 მილიონ ტომარას (ერთი ტომარის მოცულობა არის 60 კგ).