მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებული შეზღუდვები მკაცრდება.
კერძოდ, დღეს, 12:00 სთ-დან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
ამასთან, იცვლება უკვე მოქალაქეთა შეკრების წესიც. კერძოდ, ცვლილების თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიულ პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - 15 ათას ლარიანი ჯარიმა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ იკრძალება 3 პირზე მეტის თავშეყრა საჯარო სივრცეში.
დადგენილების თანახმად, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.
ამავე დადგენილებით, 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა დასაშვებია მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით.
მე-7 მუხლით გათალისწინებული საქმიანობებია:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
- სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
- წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
- კომერციული ბანკების საქმიანობისა;
- იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
- საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
- ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
- საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
- კერძო დაცვითი საქმიანობისა;
- საადვოკატო საქმიანობისა;
- ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
- პრესის ჯიხურებისა;
- ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;
- ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად);
- დასაწყობებისა და შენახვის საქმიანობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა, გარდა საბაჟო საწყობებისა);
- დაშვებული ეკონომიკური საქმიანობებისთვის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა, მიწოდებისა და რეალიზაციისა, აგრეთვე ეტიკეტირებისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საქმიანობისა.