კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, თუ აქამდე საწვავზე მოთხოვნა 40%-ით შეამცირა, დღეიდან ფაქტობრივად, გაანულა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, საწვავზე მოთხოვნა მხოლოდ სპეციალური სამსახურების მხრიდან არის, რის გამოც, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილიც დაიხურა.
თუმცა, როგორც ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ეს ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და მათი მუშაობა აღდგება მაშინვე, როგორვ კი ამის საჭიროება გაჩნდება.
„დღეს, 12 საათიდან აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რის გამოც, ამ ეტაპზე, მოთხოვნა (შესაბამისად, გაყიდვები ) ფაქტობრივად, განულებულია. საწვავს მოიხმარენ მხოლოდ სპეციალური სამსახურები, რომელთა გადაადგილება დაშვებულია. ეს ვითარება გაგრძელდება მანამდე, სანამ საგანგებო მდგომარეობა და კონკრეტულად ეს აკრძალვა არ მოიხსნება. ეს არის ობიექტური მოცემულობა.
მანამდე კი, როდესაც გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, საწვავის მოხმარება საშუალოდ, 40%-ით იყო შემცირებული.
რაც შეეხება ბეზნგასამართ სადგურებს, მათი ნაწილი დაიხურა. საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელი ობიექტების აუცილებლობაც იყო, ისინი მუშაობენ. თუმცა, იქ სადაც მოთხოვნა საერთოდ არ არის, მოძრაობაც კი არ არის, დაიხურა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდიან, ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ, გაყიდვები არ არის, ამას ემატება თანამშრომლების ტრანსპორტირებაც და ამ ობიექტების მუშაობის აუცილებლობა უბრალოდ არ იყო“,- ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება საწვავის ღირებულებას, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, ამ დროისთვის, 35-40 თეთრით არის გაიაფებული და ფასის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„საწვავის ღირებულება საშუალოდ, 35-40 თეთრით არის შემცირებული. სხვათაშორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და სამეზობლოსთან შედარებით, არ ვგულისხმობ აზერბაიჯანს და რუსეთს, რომლებიც ნავთობმწარმოებლები არიან, საწვავი ყველაზე იაფი ჩვენთან არის. ფასის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“,-აცახდებს ვანო მთვრალაშვილი.