როგორ მუშაობს აპლიკაცია, რომელიც გაგაგებინებთ, ხართ  თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან

ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან.

სამინისტრომ აპლიკაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები მოამზადა.

ვისთვისაა ხელმისაწვდომი აპლიკაცია?

STOP COVID აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. მისი გადმოწერა შესაძლებელია App Store-იდან და Google Play-დან, სრულიად უფასოდ.

არის თუ არა აპლიკაციის გადმოწერა ნებაყოფლობითი?

აპლიკაციის გადმოწერა ნებაყოფლობითია. უფრო მეტიც, აპლიკაციის მომხმარებელს პირადად აქვს კონტროლი ნებისმიერ ინფორმაციაზე და თავად წყვეტს, რა ტიპის ინფორმაცია გააზიაროს. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში, მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, გააზიარებს თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას. მომხმარებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებაც, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში გააზიაროს თუ არა ის ლოკაციები, სადაც ბოლო პერიოდში იმყოფებოდა.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

აპლიკაცია გადმოწერისას მოგანიჭებთ უნიკალურ ID-ს, რისი მეშვეობითაც სრულიად ანონიმურად განისაზღვრება სოციალური კონტაქტები აპლიკაციის მომხმარებლებს შორის. გარკვეული ხანგრძლივობისა და დისტანციის მქონე კონტაქტის შემთხვევები, დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის სმარტფონის მეხსიერებაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

საჭიროა თუ არა რეგისტრაციისას პირადი ინფორმაციის მითითება?

აპლიკაცია მომხმარებლის რეგისტრაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. STOP COVID გადმოწერის შემდეგ მომხმარებელი ეთანხმება მხოლოდ წესებსა და პირობებს და აძლევს აპლიკაციას გარკვეულ სერვისებზე (Bluetooth, GPS,) წვდომის შესაძლებლობას.

რამდენად დაცულია მომხმარებლის პერსონალური მონაცემები?

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფიდენციალურობასა და პირადი მონაცემების დაცვას. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.

რა ხდება როდესაც აპლიკაციის მომხმარებელი აღმოჩნდება COVID 19-ზე დადებითი?

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მომხმარებელი აღმოჩნდება COVID 19-ზე დადებითი, აღნიშნული პირი თავად იღებს გადაწყვეტილებას გაუზიაროს თუ არა ეს ინფორმაცია აპლიკაციის სხვა მომხმარებლებს. მომხმარებელი ასევე იღებს გადაწყვეტილებას გააზიაროს თუ არა ის ლოკაციები, სადაც ბოლო პერიოდში იმყოფებოდა. ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებელი უთითებს მობილურ ნომერს, აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს მისი ინფიცირების შესახებ ინფორმაციის დადასტურება. მომხმარებლის ნომერი ან რაიმე სხვა ინფორმაცია საჯარო არ ხდება.

ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას ხდება თუ არა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია საჯარო?

პირადი ინფორმაციის გაზიარება მომხმარებელს არც ერთ შემთხვევაში არ უწევს. ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას მის კონტაქტებს მისდით გაფრთხილება, რომ კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულ პირთან, თუმცა აღნიშნული პირის მონაცემები ცნობილი არ ხდება აპლიკაციის სხვა მომხმარებლებისთვის.

როგორ ხდება მომხმარებლის გაფრთხილება?

გაფრთხილებას მიიღებთ იმ შემთხვევაში თუ გადმოწერილი გაქვთ აპლიკაცია და კონტაქტი გქონდათ ინფიცირებულ პირთან, რომელიც ასევე არის აპლიკაციის მომხმარებელი და თავად გადაწყვიტა, რომ ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს თავის კონტაქტებს. (კონტაქტებისთვის გაფრთხილების დაგზავნამდე ხდება აღნიშნული პირის სტატუსის შესაბამის ბაზაში გადამოწმება).

რა შემთხვევაში თვლის აპლიკაცია პირს „კონტაქტად“?

როდესაც ორი მოწყობილობა ერთმანეთს ხვდება, ისინი ინახავენ მეხსიერებაში ერთმანეთის ID-ის, ინტერაქციის თარიღს, დროს და ადგილმდებარეობას. შესაბამისად კონტაქტად ითვლება პირი იმ შემთხვევაში თუ:

  • მასსა და ინფიცირებულ პირს შორის მანძილი იყო 2 მეტრი ან ნაკლები;
  • ინტერაქციის დრო - მინიმუმ 10-15 წუთი;

ვის მიერაა შექმნილი აპლიკაცია?

აპლიკაციის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება. მოხდა აპლიკაციის სრული ადაპტაცია ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით მივუთითე ინფიცირების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ ვარ ინფიცირებული?

ამ შემთხვევაში ინფიცირების შესახებ შეტყობინება არ დაეგზავნებათ თქვენს კონტაქტებს. ინფიცირების შესახებ ინფორმაციის მითითებისას საჭიროა, რომ შეიყვანოთ თქვენი ნომერი, რისი მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის შესაბამის ბაზაში გადამოწმება. იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული პირი არ ხართ, თქვენი მონაცემები არ იქნება ბაზაში და არ დაიგზავნება შეტყობინებები. იმისათვის, რომ რომ თქვენს ეკრანზე არ ჩანდეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ხართ ინფიცირებული, შეგიძლიათ წაშალოთ აპლიკაცია და გადმოწეროთ თავიდან.

ანდროიდის აპლიკაცია ინსტალაციის შემდეგ მოითხოვს წვდომას მიკროფონთან, რატომ?

სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, აპლიკაცია იყენებს Google Nearby ტექნოლოგიას, ორ სმარტფონს შორის მანძილის დასადგენად. ეს სერვისი იყენებს ულტრაბგერით სიხშირის ტალღებს, რისთვისაც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიკროფონზე წვდომა. მიკროფონის გამოყენება ხდება ულტრაბგერების (ყურისთვის შეუმჩნეველი სიხშირის ტალღა) აღსაქმელად, რათა მოხდეს მოწყობილობებს შორის მანძილის დადგენა. ეს ყველაფერი ხდება Android Nearby-ს ფარგლებში და კონკრეტულ აპლიკაციას არ ანიჭებს შესაძლებლობას ჩაიწეროს ან გადასცეს აუდიო შეტყობინება. ამას გარდა, როდესაც აპლიკაციას დააყენებთ, შეგიძლიათ მართვის პანელიდან შეამოწმოთ, თუ რაზე აქვს აპლიკაციას წვდომა მინიჭებული, მიკროფონი ამ ჩამონათვალში არ არის. ყველა მონაცემი ინახება ექსკლუზიურად თქვენს ტელეფონში. სრული გამჭვირვალობისთვის, საწყისი კოდი ყველასთვის ხელმისაწვდომია Github– ზე: https://github.com/novid20org

აპლიკაციის გადმოწერისას მაქვს შეფერხება

აპლიკაციის გაშვებისა და პრეზენტაციის შემდეგ ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა. მხოლოდ 15 წუთში 18 000 პირი, რამაც შესაბამისად გამოიწვია სერვერის გადატვირთვა. თუმცა ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და თუ ჯერ არ გადმოგიწერიათ აპლიკაცია, შეგიძლიათ კვლავ სცადოთ.

თაია არდოტელი
პირები, რომლებმაც მილიონზე მეტი გადარიცხეს  StopCov ფონდში კორონავირუსთან ბრძოლისთვის
დღეიდან, „აგროჰაბის“ მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ფილიალი დროებით მუშაობას აჩერებს
“კარფური” “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირებას დროებით აჩერებს