„ზუსტად ვიცი, რომ სავაჭრო ცენტრები არაერთ რითეილერს დაკარგავენ“,- ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, ამ ეტაპზე მისმა კომპანიამ მოლებთან შეთანხმება შეძლო, თუმცა თუ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა გაჭიანურდა, ბრენდების შემცირება გარდაუვალი იქნება.
ცნობისთვის, საუბარია ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.
„სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკებები დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდა და ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ჩვენ კოორდინაციაში ვიყავით სხვა რითეილერებთანაც, მოლების წარმომადგენლებს ერთდროულად ვესაუბრებოდით და მე ვიცი, რომ ბევრი მათგანი ჯერაც არ არის შეჯერებული პირობებზე. მეტიც, რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან ეს რითეილერები გადიან. ალბათ, კომპანიები ამის შესახებ თავად განაცხადებენ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სავაჭრო ცენტრები არაერთ ლითეილერს დაკარგავენ.
ჩვენ ამ ეტაპზე ყველა ბრენდი შევინარჩუნეთ, მაგრამ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. თუ მალე გავიხსნებით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ბრენდები შევინარჩუნოთ. თუ არა, მაშინ შესაძლოა, ბიზნესის შემცირება მოგვიწიოს და მხოლოდ ბრენდების მცირე რაოდენობაზე ვფოკუსირდეთ. ეს იქნება მინიმალური, იმისთვის, რომ 2020 წლის განმავლობაში ვიარსებოთ. ჩვენ ვალდებულებები (მათ შორის ფინანსური) გვაქვს ბრენდებთან, რომლებიც ჩვენი მომწოდებლები არიან. თანხა გვაქვს გადასახდელი და თუ დიდხანს ვერ გადავუხადეთ, ისინი აამოქედებენ იმ ბერკეტებს, რომელიც კონტრაქტით გააჩნიათ. შესაბამისად, შეწყვეტენ ჩვენთან ურთიერთობას.
ამასთან, არავინ იცის covid19-ით შექმნილი კრიზისი რამდენ ბრენდს შეიწირავს მსოფლიო მასშტაბით. შესაძლოა, საქართველოსთან საერთოდ არ იყოს კავშირში ბრენდის გაქრობა, მაგრამ ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, რომ რომელიმე ბრენდი გაკოტრდა. საბედნიეროდ, ისინი რჩებიან. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ გახსნა ეკონომიკური აქტივობა, მათ ბრენდებში კი საქართევლოს წილი შედარებით მცირეა და სხვა ბაზრების ხარჯზე ახერხებენ თავის გადარჩენას“,-ამბობს რეზო მაღალაშვილი.