„ზოგიერთ ბრენდულ მაღაზიაში მოსასინჯი ოთახები დროებით გაუქმდება“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა. დეტალებზე თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები ნივთების შეძენას, მაღალაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს, როგორიცაა: "ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ.
მაღალაშვილის თქმით, მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები დროებით გაუქმდება და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ამ შეზღუდვას გააუქმებენ.
„ჩვენ ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენ მაღაზიებში დროებით გავაუქმებთ გასახდელებს, შემდეგ კი ყოველი კვირის ბოლოს რა სიტუაციაც იქნება, ისე ვიმოქმედებთ. ამას გარდა სამუშაო საათებიც შესათანხმებელი იქნება სავაჭრო ცენტრებთან, შესაძლოა 100%-იანი დატვირთვის ნაცვლად, სხვა სამუშაო საათებით დავიწყოთ ფუნქციონირება. უახლოეს დღეებში ყველა დეტალი დაზუსტდება და 1 -ელ ივნისს მომხმარებელს მომზადებულები დავხვდებით.
გამოსაცვლელი ოთახების გაუქმება იქნება დროებითი ღონისძიება და იმედს ვიტოვებთ, რაღაც პერიოდის შემდეგ იქნება ეს 1, 2 თუ 3 კვირა, მოვხსნით ამ შეზღუდვას. იმისთვის, რომ მოქალაქეებს ცოტა მეტი კომფორტი შევთავაზოთ, შეძენილი ნივთის სტანდარტული გადაცვლა-დაბრუნების ვადების ნაცვლად, რაც იყო 3 დღე დაბრუნებაზე და 1 კვირა გადაცვლაზე, ამჟამად მოქალაქეებს 2 კვირა მიეცემათ, რომ ან გადაცვალონ ან დააბრუნონ პროდუქცია. ნივთის დასაბრუნებლად, რა თქმა უნდა, პროდუქცია უნდა იყოს საწყის მდგომარეობაში და სალარო ჩეკიც უნდა ჰქონდეთ თან,“-განაცხადა მაღალაშვილმა.