„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "სნეპ ფიტნესის"-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან გასახდელები არ ფუნქციონირებს, ზოგან საშხაპით სარგებლობა არ არის შესაძლებელი, თავად ტრენაჟორები დისტანციურად არის განლაგებული და ა.შ.
იმედი გვაქვს რომ ივლისის ნაცვლად, ივნისში მაინც გავიხსნებით, რადგან ყველა ეკონომიკური საქმიანობა დაანონსებულზე ადრე გაიხსნა. ახლა ვმუშაობთ, რომ მთავრობას თავად შევთავაზოთ გარკვეული რეგულაციები, იქნებ ამის შემდეგ მაინც დაჩქარდეს ფიტნეს ცენტრების გახსნა. მოლოდინი გვაქვს, რომ 20 ივნისისთვის ჩვენი სექტორიც გაიხსნას.
თუმცა, „სნეპ ფიტნესის“ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე აქცენტს გარკვეული ფილიალების გახსნაზე გავაკეთებთ. თავდაპირველად 4-დან ალბათ, მხოლოდ ორ ფილიალს გავხსნით და მწვრთნელებს ამ ორ ფილიალში შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იქნება ადამიანების დაშვება დარბაზში შესაძლებელი, რადგან საღამოს საათებში მართლაც ბევრი მომხმარებელია და სიმჭიდროვის პრობლემაც არის.
რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ძალიან დიდი იყო, რადგან ფიტნეს-ცენტრებისთვის ყველაზე შემოსავლიანი პერიოდი თებერვალ-ივნისია ანუ ის დრო, როცა ფილიალები დაკეტილია. გვაქვს უამრავი ვალდებულება - იჯარა, კომუნალური, ა.შ. გარდა ამისა, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი თანამშრომელი არ გაგვითავისუფლებია ამ პერიოდის განმავლობაში, მათ ხელფასსაც ვუხდით, მართალია არა სრულად, თუმცა, ვაგრძნობინებთ რომ კომპანია მათ გვერდითაა. ეს ყველაფერი კი, უფრო ამძაფრებს იმ სიტუაციას, რასაც ფინანსური ვალდებულებები ჰქვია,“-განაცხადა სოლოღაშვილმა.