საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზისა და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტებზე, კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი აქტიურად გრძელდება.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები. სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.