2020 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე რთული იქნება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადეს.
მათი თქმით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აღემატება.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად ევროკავშირის ქვეყნებს დააზარალებს, რომლებიც დღესდღეობით პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.
სავალუტო ფონდის მტკიცებით, თუ კორონავირუსი წლის ბოლომდე საბოლოოდ დამარცხდება, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა სავარაუდოდ, 5.8%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება ქვეყნებს, IMF-ის პროგნოზით, ამერიკის ეკონომიკა 5,9%-ით შემცირდება, აზიის განვითარებად ქვეყნებში იქნება 1%-იანი ზრდა, მათ შორის, ყველაზე ეტად, 1,9%-ით გაიზრდება ინდოეთის ეკონომიკა. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკა 2,8%-ით შემცირდება, ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნების - 5,2%-ით, განვითარებადი ევროპის ქვეყნების ეკონომიკაც ასევე 5,2%-ით დაიკლებს, აფრიკის ქვეყნების - 1,%-ით.
ყველაზე დიდ ვარდნას IMF ევროპაში პროგნოზირებს. მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკა 2020 წელს 7,5%-ით შემცირდება, ცალკეულ ქვეყნების მიხედვით კი ცუდ მდგომარეობაში იტალია იქნება, ქვეყნის მშპ წელს 9,1%-ით დაიკლებს, გერმანიაში - 7%-იანი ვარდნა იქნება, საფრანგეთში - 7,2%-იანი და ესპანეთში - 8%-იანი.
ამასთან, IMF-ის პროგნოზით, 2020 წელს იაპონიის ეკონომიკა 5,2%-ით შემცირდება, დიდი ბრიტანეთის - 6,5%-ით, კანადის - 6,2%-ით და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების მშპ 4,6%-ით დაიკლებს.